მამუკა მდინარაძე: ეს კომპანიები იმიტომ იკეტება დროებით, რომ მალე გაიხსნას, თორემ გავხსნით ხვალ და იძულებულები გავხდებით, დავკეტოთ წლის ბოლომდე

„ეს კომპანიები იმიტომ იკეტება დროებით, რომ მალე გაიხსნას, თორემ გავხსნით ხვალ, მერე იძულებულები გავხდებით, დავკეტოთ სექტემბრამდე ან წლის ბოლომდე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობის უმრავლესობა რეკომენდაციებს კარგად და კეთილსინდისიერად ასრულებს.

“ამის გააზრება რთული რატომ არის, ვერ ვხვდები. “კომენდანტის საათით”, ყველაზე პესიმისტური გათვლით, 9 საათიდან რა აქტივობებიც იყო, რა პროცენტიც საერთო აქტივობებისა, იმდენი პროცენტით შემცირდა რისკები. უმრავლესობა მოსახლეობისა რეკომენდაციებს ასრულებს კარგად და კეთილსინდისიერად და ამ ხალხმა არაფერი  დააშავა, რომ ვიღაც ერთეულები თუნდაც სტუმრად მიდიან სადმე და რისკებს ზრდიან. ეს შემცირდა 9 საათის შემდეგ პერიოდში და შემცირდა რადიკალურად. ამ ღონისძიებების ჯაჭვმა გამოიღო ის შედეგი, რითაც მგონი ცოტა მოვეშვით ჩვენ დღეს და გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ, მოდით, ხვალვე გავხსნათ ეკონომიკა. ხვალვე გავხსნით და, სამწუხაროდ, მოგვიწევს ახალ წლამდე დაკეტვა იმიტომ, რომ შემთხვევები გაგვეზრდება ათჯერ და ოცჯერ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ უპასუხა ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერებულ პრეტენზიებს “კომენდანტის საათთან”, კომპანიების დახურვასა და საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ რიგ შეზღუდვებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, სწორედ ღონისძიებების ამ ჯაჭვმა გამოიღო შედეგი და, შესაბამისად, შეამცირა რისკები. მისივე თქმით, ხელისუფლება ეფექტიანად მიჰყვება ეპიდემიოლოგებისა და დარგის სპეციალისტების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს და ამ მიდგომამ რეალური შედეგები უკვე გამოიღო.

„ეპიდემიოლოგები, შესაბამისი დარგის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ არის გარკვეული ღონისძიებები ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, მისი რისკის შესამცირებლად და ამ ღონისძიებებს მივყვებით სწრაფად და ეფექტიანად. ხომ არ ჯობს, ასე ვიმსჯელოთ, რომ ახლა დავკეტოთ, რისი დაკეტვაც შეიძლება და ერთ თვეში ვიმსჯელოთ მერე გახსნაზე, რომ ეკონომიკამ ნაკლები ზიანი მიიღოს. ეს არის მიდგომა და ამ მიდგომამ აქამდე სწორი შედეგი გამოიღო”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები