კელი დეგნანი: აშშ საქართველოს 2000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს გამოუგზავნის
საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ აშშ საქართველოს 2000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს გამოუგზავნის, რომელსაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათში შეუძლია.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხმა, ერთობლივი ძალისხმევით, კორონავირუსის გავრცელების შემცირების კუთხით სწრაფად და ეფექტურად იმოქმედა.
“დაახლოებით, 30 წელია, საქართველო და აშშ პარტნიორობას ავითარებენ, რომელიც თანაზიარ ღირებულებებს, საერთო სტრატეგიულ ინტერესებსა ურთიერთ სასარგებლო თანამშრომლობას ეფუძნება.
დღეს, როდესაც კორონავირუსის პანდემიის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებულად ვამაყობ საქართველოსა და ამერიკის ერთობლივი მიღწევებით. ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ძლიერი ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის.
საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხმა, ერთობლივი ძალისხმევით, სწრაფად და ეფექტურად იმოქმედა მართვისა და კორონავირუსის გავრცელების შემცირების კუთხით.
ამერიკის განვითარების სააგენტომ ახლახან გამოაცხადა 1.1. მილიონი დოლარის ოდენობის საგანგებო ჯანდაცვის დახმარების პროგრამა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად, რომელიც ხელს შეუწყობს ინფექციის კონტროლსა და პრევენციას.
საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას.
ჩვენ ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომლებიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ ქართველი მწარმოებლებისგან, ეს კი ორმაგად მომგებიანია.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 2000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს გამოუგზავნის, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა”, – აცხადებს ელჩი.