გია ჟორჟოლიანი: თუ შეზღუდვებს მოვხსნით და ეპიდემიური მდგომარეობა გაუარესდება, ეს ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს

დეპუტატი, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობა ყველა შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ განუცხადა.

„მგონია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომაროება ისეთია,  საგანგებო მდგომარეობა, ის წესები, რომლებიც ახლა მოქმედებს, შეიძლება, გარკვეული კორექტივებით, მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობის ამოცანაა, ყველაფერი დაუჯეროს გამყრელიძეს, იმნაძეს, ცერცვაძეს,  ეზუგბაიას.
ჩვენ თუ ამ შეზღუდვებს მოვხსნით და ეპიდემიური მდგომარეობა რადიკალურად გაუარესდება, ეს კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

გია ჟორჟოლიანი, ასევე, გამოეხმაურა დეპუტატების ერთი ნაწილის განცხადებას, რომლის თანახმადაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს უპირობოდ არ დაუჭერენ.

„მე მგონია, რომ ეს მცდარი პოზიციაა “ნაციონალური მოძრაობისა“ და ა.შ. ამის პირობა არ შეიძლება იყოს. ვიდრე ისინი განაცხადებდნენ, დიდი ხანია, ჩვენ განვაცხადეთ, რომ მთავრობისგან უახლოეს დღეებში ველით იმ ღონისძიებათა გეგმის წარმოდგენას, რომელმაც ეკონომიკური კრიზისის პირობებში სამოქმედო ნაბიჯები უნდა გვაჩვენოს, ასევე, გვაჩვენოს, როგორ მოხდება იმ ადამიანების საარსებოდ აუცილებელი მინიმუმით უზრუნველყოფა, რომლებსაც ამ კრიზისმა, პრაქტიკულად, დაკაარგვინა არა მხოლოდ სამსახური და შემოსავლები, არამედ – საარსებობო წყარო. ჩვენ გვქონდა წინადადებაც, რაც ამ თანხების მობილიზებას ითვალსიწინებდა. ეს გულისხმობდა საყოველთაო სოლიდარობის ფონდს ან შენატანებს ან გადასახადს, რომლებიც დროებით უნდა დაწესებულიყო და მოკლებულიყო იმ შემოსავლებიდან, რომლებიც არსებობს. ზოგმა ეს ვერ გაიგო, ჩვენ ისედაც ცოტა გვაქვსო. ცოტაზე კი არ არის, საუბარია იმაზე, სადაც არის ეს შემოსავლები.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობასა და ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას – რასაკვირველია, ეს საჭიროა. ანტიკრიზისულ გეგმაში ასახული უნდა იყოს ასებული რესურსების მაქსიმალურად ოპტიმიზება. თუ მთავრობას არ ექნება ასეთი გეგმა, ეს არ ნიშნავს, იმას რომ საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეპიდემიოლოგიური მდგომაროების გაუარესება. ყველა შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი უნდა დავუჭიროთ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა „კვირასთან“ საუბრისას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები