COVID 19 და ბიზნესი – ნედლი რძის მწარმოებლებს პრობლემები მოემატათ

კორონავირუსის პანდემიის გამო, რძის ფხვნილი სასურსათო პროდუქტების იმ ჩამონათვალში აღმოჩნდა, რომლის ფასებიც სახელმწიფომ სავალუტო რყევებისგან დააზღვია. საქართველოს მერძევეობის ასოციაციის შეფასებით, ამ გადაწყვეტილების შედეგად, რძის ფხვნილის მოთხოვნა წახალისდა, ხოლო ნედლი რძის წარმოებას დამატებითი სირთულეები შეექმნა.

საქართველოს მერძევეობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან არქანიას განმარტებით, შექმნილ სიტუაციაში რძის გადამამუშავებელი კომპანიები არჩევანს იმპორტირებულ რძის ფხვნილზე აკეთებენ, რომლის ფასიც ნედლი რძის ფასზე დაბალია. არქანიას თქმით, რძის ფხვნილის სუბსიდირებამ ნედლი რძის მწარმოებლებს ისედაც არაკონკურენტული გარემო კიდევ უფრო დაუმძიმა. როგორც არქანია აცხადებს, გაძვირებული საკვებისა და, შესაბამისად, გაზრდილი ხარჯების გამო, ნედლი რძის წარმოების თვითღირებულება გაიზარდა და მასზე მოვთხოვნაც შემცირდა.

როგორც მერძევეობის ასოციაციაში განმარტავენ, თვითღირებულების რეგულირება შესაძლებელია წარმოებული რძის რაოდენობის გაზრდით, თუმცა დაბალი მოთხოვნა ნედლ რძეზე ვერ ახდენს რძის რაოდენობის ზრდის სტიმულირებას.

შექმნილ სიტუაციაში არქანია მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან უნდა მომხდარიყო ნედლი რძის სუბსიდირება ან რძის გადამამუშავებელი კომპანიების დღგ-საგან გათავისუფლება, რაც ავტომატურად აისახებოდა ნედლი რძის მოთხოვნის ზრდაზე.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, გაზაფხულის სეზონის მიუხედავად, საქართველოში ნედლი რძე კვლავ რჩება დეფიციტურ პროდუქტად, თუმცა მასზე ფასის ზრდას მაინც არ ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები