არჩილ ჯაფარიძე: ლენტეხში გამოვლენილ ახალ შემთხვევებთან ცაგერის მოქალაქეებს შემხებლობა არ ჰქონიათ
ეს არის ძირითადად ოჯახური კლასტერი და ცაგერში მდგომარეობა უცვლელია, რადგან აღნიშნულ პაციენტებს არავითარი კავშირი ცაგერის მოსახლეობასთან არ ჰქონიათ, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა.
ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს თეა გურგუჩიანის განცხადებითაც, ცაგერში სიტუაცია არ შეცვლილა და დამატებითი კონტაქტებიც არ გამოვლენილა.
“ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ თვითიზოლაციაში მყოფ 17 ადამიანთან, რომლებსაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ მამაკაცთან. ამ ეტაპისთვის, არცერთ მათგანს რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება, შესაბამისად, ახალი კვლევებით არ გაზრდილა პირველადი შემხებლობის სიაც“,-განაცხადა ეპიდემიოლოგმა.
ცნობისთვის, 53 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, ცაგერის მუნიციპალიტეტში 17 ადამიანთან სამსახურეობრივ შემხებლობაში იმყოფებოდა. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში და მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
რაც შეეხება ლენტეხს, სოფელ მელეში მოსახლეობის თერმოსკრინინგი და ოჯახების დეზინფექცირება დილიდანვე მიმდინარეობს.