დიმიტრი ხუნდაძე: ამ წუთებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მკაცრი ზომების მიღება საჭირო არ არის
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მან სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და, ასევე, მედპერსონალის მუშაობასაც გაეცნო.
როგორც ხუნდაძემ განაცხადა, ქობულეთში ზომების გამკაცრება ეპიდვითარებაზე, საზოგადოების ქცევასა და წესების დაცვაზეა დამოკიდებული.
“ჩვენ დავიწყეთ შესწავლა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს, თუ როგორ არის არსებული ინფრასტრუქტურა შესაბამისობასთან, როგორ არის გადამზადებული მედპერსონალი, რისი საშუალებები აქვთ და რა მარაგები. როგორ არის სივრცეები შიგნით გადანაწილებული. პაციენტის მოდინების შემთხვევაში, გვინდა, სწორად შევაფასოთ, რამდენად არის კლინიკების რესურსი საკმარისი. თუკი სადმე არის ხარვეზი ან რესურსი დასამატებელი, მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეხება გამკაცრებას ქობულეთში – ეს არის დამოკიდებული ეპიდვითარებაზე, საზოგადოების ქცევასა და წესების დაცვაზე. გამკაცრების გადაწყვეტილება იქნება ეპიდემიოლოგებთან ერთად მიღებული. ამ წუთებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მკაცრი ზომების მიღება საჭიროებას არ წარმოადგენს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ბათუმის “მედალფას“ კლინიკაში კორონავირუსზე 20 პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა, ხოლო ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება.