ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს

ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს გაიხსნა. შენობაში ემერჯენსი და რეანიმაცია იფუნქციონირებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში covid -19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს მოემსახურებიან.

მათივე ცნობით, კლინიკას ათი ერთეული სასუნთქი აპარატი აქვს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ კლინიკის სრული აღჭურვისთვის შესაბამისი თანხა წლის ბოლომდე გაჩნდება ბიუჯეტში.

“ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის დღეიდან მიიღოს პირველი პაციენტი. პირველ ეტაპზე ეს იქნება ცხელების ცენტრი, შემდეგ უკვე კოვიდ- 19 -ის მართვის ცენტრი და ამ გამოწვევის კვალდაკვალ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი და ასევე, სამედიცინო პერსონალი იყოს სრულ მზადყოფნაში. შესაბამისად, მყისიერად, პრაქტიკულად 10 დღის განმავლობაში, ჩვენ შევძელით რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა. აღჭურვაში მონაწილეობა მიიღეს აჭარაში მოქმედმა ბიზნესწარმომადგენლებმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. მინდა, მათ საჯაროდ გადავუხადო მადლობა, ვინაიდან ეს არის საერთო მნიშვნელობის საქმე. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გამართულია და შეძლებს თვის ბოლომდე სრული დატვირთვით, 170 პაციენტის მიღებას, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ამ გამოწვევასთან გამკლავებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კლინიკის აღჭურვის პროცესში, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში , მონაწილეობა მიიღეს აჭარაში მოქმედმა კომპანიებმა – „ორბი ჯგუფი”, „ალიანს ჯგუფი”, შპს „გზა”, „ანაგი”, „ნოვა“, „გურუ ჰოლდინგი”, „გრინ რიზორთი“, „მეტრო სითი”, „რეკან გრუპ ჯორჯია”, „ემსი ქონსთრაქშენ“, „რეალ პალასი”, „აჭარის წყალი ჯორჯია”, შპს „ფიგოილი“, „გორგია“, „მოდუსი”, „თურსა“, ,,სახლი ხეივანში”, შპს „ახალი ხედვა”, ლევან შერვაშიძე.

რამდენიმე დღის წინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პროცესს ადგილზე გაეცნო საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია.

აჭარაში კორონავირუსისა და ასევე, ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების სამართავად 4 კლინიკაა მობილიზებული.სამედიცინო პერსონალმა გაიარა შესაბამისი გადამზადება, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კვალიფიციური მუშაობისთვის არის საჭირო. შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ახალი საავადმყოფოს სასწრაფო წესით აღჭურვისათვის შეძენილ იქნა დამატებით 27 მართვითი სუნთქვის აპარატი , 170 მრავალფუნქციური და საპალატე საწოლი, სამედიცინო აპარატები და აღჭურვილობა, რაც საჭიროა პაციენტთა სრული სერვისისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები