დუშეთში უფასო სასადილოს 125 ბენეფიციარს 1 თვის სასურსათე მარაგი გადაეცემა
მცხეთა-მთიანეთში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას აგრძელებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი იფორმაციით, ქალაქ დუშეთში უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის 1 თვის სასურსათე მარაგის უკვე გადაეცა.
“თვითმმართველობის წარმომადგენლები სასადილოს 125 ბენეფიციარს ძირითადი მოხმარების, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებულ პაკეტს ბინაზე მიუტანენ. სოციალურ აქტივობას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ სეხნიაშვილი მოხალისეებთან ერთად შეუერთდნენ”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ხანდაზმული მოქალაქეების, სპეციალური საჭიროებების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთა მხარდასაჭერად რეგიონში შესაბამისი ღონისძიებები ყოველდღიურ რეჟიმში, უსაფრთხოების ნორმების დაცვით ხორციელდება.