ლევან რატიანი: დღეს, კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 2 პაციენტი დატოვებს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს მათ კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 2 პაციენტი დატოვებს.
რატიანმა ჟურნალისტებთან კლინიკაში მყოფი სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეაფასა.
„დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, რჩება მძიმე, მაგრამ – სტაბილური. სულ არის 51 ინფიცირებული პაციენტი. რაც შეეხებათ ქალბატონებს – ჩვენთან რეანიმაციაში წევს 7 პაციენტი, აქედან კრიტიკული 2 პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.
რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას: ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც არის 42 წლის, კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირება, აქვს ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტთან იყო გუშინ მეცხრე დღე კლინიკური გამოვლინებების. მიჩნეულია, რომ დაავადების მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე დღე კრიტიკულია. ეს პაციენტი რჩება მძიმედ, მაგრამ აპარატი ამ ეტაპამდე არ დასჭირვებია, იმედი მაქვს რომ ასე გაგრძელდება.
რაც შეეხებათ ორსულ ქალებს – მდგომარეობაში ბოლო 4 დღეა, დინამიკა უცვლელია. 13 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც არის ჩვენს კლინიკაში მოთავსებული, ამ ეტაპამდე სტაბილურია და იმედს ვიქონიებ, რომ ასე გაგრძელდება.
დღეს კოვიდინფიცირებული ორი პაციენტი ეწერება ჩვენი კლინიკიდან, რაც ძალიან გვახარებს”, – განაცხადა რატიანმა.