ანტონიო გუტიერეში: იზოლაციის ფონზე, ოჯახებში ძალადობამ იმატა, ბევრ ქალსა და გოგონას საფრთხე საკუთარ სახლებში ელოდება

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში, მასობრივი იზოლაციის ფონზე, მთავრობებს ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს.

ვიდეომიმართვაში გუტიერეში იხსენებს, რომ, ცოტა ხნის წინ, მთავრობებს შეიარაღებულ კონფლიქტებში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა,  კორონავირუსთან ბრძოლაში მომხდარიყო ძალების გაერთიანება.

“მაგრამ ძალადობა ბრძოლის ველით არ იფარგლება. ბევრ ქალსა და გოგონას საფრთხე ელოდება იქ, სადაც ისინი ყველაზე უსაფრთხოდ უნდა იყვნენ – საკუთარ სახლებში. ამიტომ დღეს მსოფლიოს ახალი მოწოდებით მივმართავ”, – თქვა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

​მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაში, ეკონომიკური და სოციალური ზეწოლის ფონზე, “ოჯახებში ძალადობის გლობალური საშინელება” ხდება.

“ზოგიერთ ქვეყანაში იზრდება იმ ქალთა რიცხვი, ვინც დახმარებისთვის შესაბამის უწყებებს მიმართავს. მოვუწოდებ მთავრობებს, კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნულ გეგმებში დაამატონ იმ ქალებისთვის ზიანის მიყენების აღმოფხვრა და ძალადობის არიდება, ვინც პოტენციურად ამ რისკჯგუფს მიეკუთვნება”, – აღნიშნა გუტიერეშმა.

მისი აზრით, საჭიროა მხარდაჭერის ონლაინსამსახურების დაფინანსების ზრდა, ასევე, სასამართლო სისტემებმა გააგრძელონ იმ პირთა დევნა, რომლებიც ქალების მიმართ ძალადობაში არიან დამნაშავეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები