სახალხო დამცველი: უსახლკარო პირები მოკლებულნი არიან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობას, რითაც საფრთხე ექმნება მათ სიცოცხლეს
სახალხო დამცველი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ქუჩაში მცხოვრებ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, ასევე, ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებში ჩართული პირებისთვის შეუფერხებელი სამედიცინო მომსახურების აუცილებლობას ეხმიანება.
როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში – ადგილობრივ მონაცემთა ბაზები უსახლკარო პირთა შესახებ, ასევე, ქვეყნის მასშტაბით 19 მუნიციპალიტეტში უსახლკარო პირთა დახმარების მიზნით რაიმე მიზნობრივი პროგრამები არ ხორციელდება.
“ზუსტი სტატისტიკის არქონის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების დროული იდენტიფიცირება და თავშესაფრით უზრუნველყოფა.
საცხოვრებელი ფართის არქონის გამო, უსახლკარო პირები მოკლებულნი არიან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობას (დაიცვან “კომენდანტის საათი”, ჰიგიენისა და იზოლაციის ნორმები, დარჩნენ სახლში და სხვა), რითაც მომეტებული საფრთხე ექმნება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე, იზრდება დაავადების გავრცელების რისკი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ ის პირები, რომლებიც ჩართულნი არიან ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებში (ჩვენი ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში ჩართულია 2400-მდე, დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში, დაახლოებით, 2500, ხოლო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში თებერვლის მონაცემებით 71169 პირი). მათ პერიოდულად, აუცილებელი პრეპარატების მიღების მიზნით უწევთ შესაბამის სამედიცინო ცენტრებში მისვლა, თუმცა ბევრი მათგანისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის პირობებში, აღნიშნული პრობლემას წარმოადგენს.
პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებსაც სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, წინასწარ მკაცრად განსაზღვრული პერიოდულობით (საშუალოდ კვირაში სამჯერ) და დადგენილ დროს სჭირდებათ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული დაწესებულებები საკმაოდ დაშორებულია მათი საცხოვრებელი ადგილებიდან.
ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე იმ მოქალაქეების საჭიროებებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა მოხდეს მათი სამედიცინო სერვისებით დაუბრკოლებელი სარგებლობის უზრუნველყოფა”, – აცხადებს სახალხო დამცველი.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი შესაბამის ორგანოებს მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში შემდეგი სახის ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.
“საქართველოს მთავრობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა იმოქმედონ დროულად და კოორდინებულად, მოახდინონ იმ პირთა იდენტიფიცირება, რომელთაც სჭირდებათ ტუბერკულიოზის, C ჰეპატიტისა და დიალეზის პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღების მიზნით ტრანსპორტირებაში დახმარება და უზრუნველყონ მათი მიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებამდე ან/და მათი მედიკამენტებით საცხოვრებელ ადგილებზე უზრუნველყოფა, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან კოორდინირებული მუშაობით პროაქტიულად განახორციელონ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების იდენტიფიცირება და მათი აღრიცხვა;
იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უსახლკარო პირთათვის განკუთვნილ თავშესაფრებში ან სოციალურ საცხოვრისებში დარჩენილია თავისუფალი საცხოვრებელი სივრცეები, სრულად იქნეს ათვისებული არსებული რესურსი, მათ შორის იმ უსახლკარო პირების განთავსების გზით, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ თავშესაფარში მიღებისთვის კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს (მაგ. რეგისტრირებული არ არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სხვა);
ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ საკოორდინაციო საბჭოს კოორდინირებული მუშაობით, მათ შორის კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვით, მოხდეს შესაბამისი შენობა-ნაგებობების გამოყოფა, სადაც იქნება აუცილებელი საცხოვრებელი პირობები და დროებით განთავსდნენ ის უსახლკარო პირები, რომელთა გადამისამართება ვერ მოხერხდება ზემოხსენებულ თავშესაფრებსა და საცხოვრისებში”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.