კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის მარნეულიდან გადმოყვანილი ქალი გარდაიცვალა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან გადმოყვანილი 79 წლის ქალი გარდაიცვალა.
როგორც კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, ინფიცირებულს სხვა თანდართული დაავადებები ჰქონდა.
“მინდა გითხრათ ამ პაციენტის შესახებ, რომ ანამნეზში იყო ბოლო 6 თვის განმავლობაშია მკვეთრი წონის დეფიციტი, ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად, გამოვლინდა ორმხრივი პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. ამ კვლევების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებები ამ ეტაპზე აღმოჩნდა უეფექტო. მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე დღეს დილით 9 საათზე, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ლეტალობა“,-განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შეთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 გამოჯანმრთელდა.