მარტის თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 232 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1-მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 232 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 8 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 118 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 34 ფაქტი, აჭარაში – 20, ქვემო ქართლში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 13, შიდა ქართლში – 12, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში – 3-3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი დედაქალაქშიც გამოავლინეს – თბილისში, მარტის თვეში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი დაფიქსირდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 244 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.