შალვა კერესელიძე სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას გაეცნო
მხარის სახელმწიფო რწმუნებული – შალვა კერესელიძე, მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროს მაკა ხამხაძესა და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერ თამაზ მეჭიაურთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ ვითარებასა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, შალვა კერესელიძე პირადად იმყოფებოდა ქალაქ მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრსა და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დაბა თიანეთის კლინიკაში.
“სამედიცინო დაწესებულებები მცხეთა-მთიანეთში სრული დატვირთვითა და უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ნორმის დაცვით მუშაობენ. მედპერსონალი მოქალაქეთა მომსახურების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს მაქსიმალურად ითვალისწინებს. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის, სიკეთე, ჯანმრთელობა და სიმშვიდე ვუსურვო“, – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში სამუშაო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
ექიმები პაციენტებს მომსახურებას როგორც ადგილზე, ისე სატელეფონო კონსულტაციების საშუალებით უწევენ. სამედიცინო პროცედურები უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ნორმის დაცვით ხორციელდება. მედპერსონალი მაქსიმალურად მობილიზებულია და, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ რეგულაციებს ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა”, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.