მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველის ანგარიშით, ფაქტობრივად, დადასტურდა ის, რაზეც ჩვენ 9 თვეზე მეტია, ვსაუბრობთ
“სახალხო დამცველის ანგარიშით, ფაქტობრივად, დადასტურდა ის, რაზეც ჩვენ 9 თვეზე მეტია, ვსაუბრობთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
სახალხო დამცველის ანგარიშზე საუბრისას, სადაც ომბუდსმენი 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ანგარიში ადასტურებს – უკანონო დავალება არავის გაუცია.
„ბუნებრივია, სახალხო დამცველის ანგარიში ვერ იქნება კრიტიკას მოკლებული, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშით ფაქტობრივად დადასტურდა ის, რასაც ჩვენ 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით – ის, რომ უკანონო ბრძანება გასროლაზე არავის გაუცია.
აქვე, აბსოლუტურად არარელევანტურია მითითება იმის შესახებ, რომ, თითქოს, იქ მონტაჟის კვალი არსებობს ან რაციების ჩანაწერიდან ვიღაცამ რაღაც ამოჭრა, რადგან ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მონტაჟის კვალი აქ არ არსებობს. შესაბამისად, დასტურდება ისიც, რომ უკანონო დავალება არავის არ გაუცია – პოლიციელები მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტზე იყო მიტანილი შტურმი და რამდენიმე საათის განმავლობაში, ყველანი ვხედავდით, რომ პოლიციელებს აყენებდნენ მძიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. რეაქცია ამაზე, შემთხვევებში, არის გამოსაძიებელი, მაგრამ რაც მთავარია, დადასტურდა ის, რაც ჩვენ არაერთხელ ვთქვით – ბრძანება გაცემული არ ყოფილა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.