ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, გამოვხატოთ სოლიდარობა საზოგადოებისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სხვაზე მეტი ზიანი მიაყენა პანდემიამ
„ჩვენი ამოცანაა, გამოვხატოთ სოლიდარობა საზოგადოებისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სხვაზე მეტი ზიანი მიაყენა პანდემიამ. დარწმუნებული ვართ, ინიციატივას ექნება მასშტაბური ხასიათი და არაერთი ადამიანი მოინდომებს მასში მონაწილეობას”, – ამის სესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად” „ქართული ოცნების” სოლიდარობის მასშტაბურ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სოლიდარობის ინიციატივის გარშემო 105 პოლიტიკოსი გაერთიანდა.
„საუბარია საქართველოს მთავრობის წევრებზე – პრემიერმინისტრსა და მინისტრებზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებზე – ჯამურად, 105 პოლიტიკოსია, რომელიც გაერთიანდა სოლიდარობის ინიციატივის გარშემო. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ფიქსირებული შენატანი – ხელფასის ერთი მესამედი მომდევნო სამი თვის განმავლობაში ჩაირიცხება ამ ფონდში. ჩვენ, ასევე, მოვუწოდეთ პარტიის ყველა წევრს, აქტივისტებს, მხარდამჭერებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ ბრძოლაში. დარწმუნებული ვართ, ინიციატივას ექნება მასშტაბური ხასიათი და არაერთი ადამიანი მოინდომებს მასში მონაწილეობას. უმრავლესობის არაერთმა წევრმა, რომელთა ოჯახებს აქვთ დამატებითი შემოსავლები ბიზნესიდან, საკმაოდ მსხვილი შემოწირულობები განახორციელეს ფონდის სასარგებლოდ. რაც შეეხება ერთ მესამედს, ეს არის ფიქსირებული შენატანი, რომელაც განახორციელებს უმრავლესობის ყველა წევრი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს – ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა ქვეყანას, ქართულ საზოგადოებას, მათ შორის, თავისი ფინანსური შესაძლებლობებით, საუბარია რამდენიმე მილიარდზე:
„ამ შემთხვევაშიც რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა, მისმა ფონდმა – „ქართუმ” გააკეთა საგანგებო განცხადება, რომ მზად არის, დაფაროს ყველა ის ხარჯი, რომლის დაფარვის საშუალება არ აქვს ხელისუფლებას. ასეთი ინიციატივა არაერთხელ გაუცხადება ფონდ „ქართუს”, პირადად ბიძინა ივანიშვილს და ესეც არის მორიგი ნაბიჯი, მიმართული საზოგადოების პობლემების დასაძლევად, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან. ეს განცხადება გაკეთდა და საჭიროებისამებრ, ეს პირობა აუცილებლად შესრულდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საზოგადოება სახელმწიფოსა და ხელისუფლების გვერდით დგას და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ავლენს ამ ბრძოლაში:
„ახლა მთავარია ერთად დგომა. საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმშია ჩართული ამ ბრძოლაში, ყველაფერი კეთდება. ხელისუფლების წარმომადგენლები დღე და ღამეს ათენებენ იმისათვის, რომ მინიმალური პრობლემები წარმოქმნას ვირუსმა, როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. თქვენ ხედავთ, რომ ზედმიწევნით სრულდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დაყენებულია ამ ბრძოლის პროცესში, რაც დეკრეტიდან და მთავრობის შესაბამისი დადგენილებებიდან გამომდინარეობს. საზოგადოება დღეს ერთად დგას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთად დგომა უნდა დავაფასოთ. მნიშვნელოვანია, ეს სულისკვეთება შევინარჩუნოთ არა მხოლოდ ბრძოლის, არამედ ყოველდღიური შრომის რეჟიმში და ამ სულისკვეთების შენარჩუნებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, მისი თქმით, შემაშფოთებელია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებზე თავდასხმები:
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თავი ავარიდოთ პოლიტიკურ პოლემიკას. მთელი ჩვენი რესურსი უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, რომ საზოგადოებაში შექმნილი და მოსალოდნელი პრობლემები დავძლიოთ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებზე თავდასხმები არის განსაკუთრებით შემაშფოთებელი. ასევე, შემაშფოთებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ თურმე გვექნება პირველი ფატალური შემთხვევა, როდესაც ქალბატონი, რომელზეც იყო საუბარი, დღეს გამოჯანმრთელებულია და დაძლეული აქვს კრიზისული პერიოდი. ასეთი ფაქტები ძალიან სამწუხაროა, თუმცა, ნუ შევალთ ამ პოლიტიკურ პოლემიკაში და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ იმ მიღწევას, რომელიც არის საზოგადოებაში. თუ ვინმეს უნდა გარიყული იყოს საზოგადოების საერთო ერთიანობიდან, ეს მათი არჩევანია და მივანდოთ მათ ეს არჩევანი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.