გორში ცოლის მიმართ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ჯ.ბ. არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, დასთან სტუმრად ყოფნის დროს, მეუღლეს – 1992 წელს დაბადებულ ი.ო.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და 11 პრიმა-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

დანაშაული თავისუფლების  1-დან 3 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები