რუსთავი მერი, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ბლოკპოსტების მიმდებარე ტერიტორიას პირადად აკონტროლებს
რუსთავში ოთხ ლოკაციაზე საკონტროლო გამშვები პუნქტებია მოწყობილი. ქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები აკონტროლებენ. ოთხივე ლოკაციაზე ამოქმედებულია სპეციალური სამედიცინო პუნქტები, სადაც მოსახლეობის თერმოსკრინინგი ხორციელდება.
საველე პირობებში ბლოკპოსტების მოწყობაში რუსთავის მუნიციპალიტეტი აქტიურად იყო ჩართული.
რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, შესაბამის სამსახურებთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში, პირადად აკონტროლებს ბლოკპოსტების მიმდებარე ტერიტორიას. ოთხივე საკონტროლო გამშვები პუნქტი რუსთავში ინფრასტრუქტურულად გამართულია.
“თქვენ ხედავთ, რომ ყველა ლოკაციაზე სიტუაცია მოწესრიგებულია. ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი გამოწვევაა საწარმოები. ეკონომიკის სამინისტროში გადაგზავნილი გვაქვს ქარხნების სია, გარკვეულ საწარმოებზე ნებართვა უკვე გაცემულია. დამატებით ვმუშაობთ სხვა საწარმოებზეც, რომლებსაც საწარმოო ციკლიც გამართული აქვთ და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მუშაობენ. კონსულტაციები მიმდინარეობს და ვფიქრობ, იმ საწარმოებზეც, რომლებზეც ვიძლევით რეკომენდაციას, ნებართვა იქნება დაშვებული. აქ საუბარია საშუალო და დიდ საწარმოებზე, რომლებიც მნიშვნელოვან პროდუქციას ქმნიან. რაც შეეხება სატრანსპორტო მომსახურებას – თქვენ იცით, რომ შიდა გადაადგილება შეზღუდულია და ეს შეზღუდვა, რა თქმა უნდა, ჩვენც გვეხება. შეზღუდვა არ ეხება კორპორატიულ ტრანსპორტს, რომელსაც გარკვეულ საათებში გადაჰყავს კომპანიის თანამშრომლები და აქაც ყველა წესი დაცული უნდა იყოს. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს – ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ორი მიმართულებით – მეტალურგიულ კომბინატთან გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გარკვეულ საათებში იქ დასაქმებულ ადამიანებს გადაიყვანს მუნიციპალური ტრანსპორტი და მეორე მიმართულებაა სოციალური სასადილოები. თქვენ იცით, რომ გვაქვს ოთხი ასეთი სასადილო. ორი დღეა, სატესტო რეჟიმში ვამუშავებთ მუნიციპალურ ტრანსპორტს ამ მიმართულებითაც, რომ გარკვეულ საათებში, უზრუნველვყოთ ბენეფიციარების ტრანსპორტირება სასადილოებში. მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ ამ ორი მიმართულებით იმუშავებს“, – განაცხადა რუსთავის მერმა.
საგანგებო მდგომარეობის შედარებით გამკაცრებული რეჟიმი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე უკვე მეორე დღეა, რაც მოქმედებს.