„ჯორჯიან ეარვეისი“ წუხილს გამოთქვამს იმ მგზავრთა მიმართ, ვინც დღეს ბერლინის რეისზე ბილეთის შეძენა ვერ შეძლო

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” დღევანდელ რეისთან თბილისი – ბერლინი – თბილისი დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობა წუხილს გამოთქვამს იმ მგზავრთა მიმართ, ვინც დღევანდელ რეისზე ბილეთის შეძენა ვერ შეძლო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განმეორებით ფრენასთან დაკავშირებით, საზოგადოება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან იქნება ინფორმირებული.

“მოგეხსენებათ, საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტი და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის № 181 დადგენილება.
​ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ რეგულარული ფრენები შეწყვიტა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის № 07/723 წერილის საფუძველზე, რომელიც შეეხო ფრენების ლიცენზიის შეწყვეტას. ამდენად, ავიაკომპანია, დღეის მდგომარეობით, ფუნქციონირებს საგანგებო წესების თანახმად და ასრულებს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მითითებებს, შესაბამისად, ასრულებს ეპიზოდურ – ჩარტერულ რეისებს საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით.
რამდენადაც საზოგადოებისათვისაა ცნობილი, 2020 წლის 3 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი: თბილისი – ბერლინი – თბილისი. ასევე, ცნობილია, რომ აპრილის თვეში რეგულარულ რეისებზე იყო გაყიდული გარკვეული რაოდენობის ბილეთები. რასაკვირველია, 3 აპრილს დაგეგმილი რეისით მოფრინავენ ის მგზავრები, რომლებსაც ბილეთები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ჰქონდათ შეძენილი. ასევე, ავიაკომპანიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მითითებით გახსნა თავისუფალი ონლაინგაყიდვა აღნიშნულ რეისზე 2020 წლის 1-ელ აპრილს 15:30 საათზე, სადაც თავისუფალი კონკურენციის პირობებში 199 ევროდ იქნა გაყიდული გარკვეული რაოდენობის ბილეთები. ავიაკომპანია ასრულებს საქართველოს მთავრობის მითითებასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ პროტოკოლს. რაც გულისხმობს საჰაერო ხომალდში მგზავრთა ჭადრაკულ განლაგებას რაც ნიშნავს იმას, რომ 180 მგზავრზე გათვლილ საჰაერო ხომალდში შესაძლოა განთავსდეს მხოლოდ 120 მგზავრი.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელობა გამოთქვამს წუხილს იმ მგზავრთა მიმართ ვინც ვერ შეძლო ბილეთის შეძენა აღნიშნულ რეისზე.
ამასთან, განმეორებით რეისებთან დაკავშირებით საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან”, – ნათქვმია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები