ცერცვაძე: ბრმად არ მივყვებოდით ჯანმო-ს რეკომენდაციებს, ცვლილებები შევიტანეთ, ამან საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა
“ერთი საიდუმლო შემიძლია, გაგიმხილოთ – ჩვენ ბრმად არ მივყვებოდით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ზოგიერთი ჩვენი კორექტივა შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებული ვიყავით”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში – „რა დროს ძილია“ განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი სპეციალისტები პაციენტებზე დაკვირვებითა და სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე მიხვდნენ, რომ ზოგ შემთხვევაში ვირუსი საერთოდ უსიმპტომოდ ვითარდება და რეკომენდაციები შეცვალეს.
„ერთ საინტერესო მაგალითს გეტყვით. ჯანმო-მ თავიდან გამოაქვეყნა დეფინიცია საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევებისა, რომლითაც დღემდე სარგებლობს მთელი მსოფლიო. იქ ეწერა, რომ საეჭვო, ანუ შესაძლო შემთხვევად მიიჩნევა პაციენტი, ვისაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი ან მეტი. მერე ჩამოთვლილი იყო სხვა ნიშნები და ვინც იმოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში მაღალი რისკის ქვეყანაში, ან კონტაქტში იყო ავადმყოფთან.
მაგრამ ჩვენ ჩვენი დაკვირვებით ვნახეთ, ასევე, მსოფლიო გამოცდილებით, რომ პაციენტების ნაწილი საერთოდ უსიმპტომოდ მიდის, ზოგი მსუბუქი სიმპტომებით მიდის და 38 ტემპერატურა არცთუ ისე ხშირია. ეს პირველი პუნქტი შევცვალეთ. საეჭვო შემთხვევების განსაზღვრებიდან ტემპერატურის ცნება საერთოდ ამოვიღეთ და დავწერეთ: თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომები, მაგალითად, ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაჭედვა და სხვა, ასევე, ის მოგზაურობდა ბოლო ორი კვირის მანძილზე მაღალი რისკის ქვეყნებში, ან სტუმრად ჰყავდა ამ ქვეყნებიდან ჩამოსული პირი, ან იმყოფებოდა კონტაქტში სავარაუდო ავადმყოფთან, ის უკვე ითვლება საეჭვო შემთხვევად, ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას და გამოკვლევას. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, დაახლოებით 26 პაციენტის შემთხვევა გაგვეპარებოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ სიცხე 38 და მით უმეტეს, 38-ზე მეტი. ზოგს საერთოდ არ აღენიშნებოდა ტემპერატურა და ამ ცვლილებამ საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა და გარკვეულწილად დაღუპა იტალია, რომელიც ჯანმო-ს მითითებებს ასრულებდა. ერთერთი მიზეზი იტალიაში განვითარებული მოვლენებისა ის არის, რომ პირველ ეტაპზე მას გაეპარა ეს უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც გახდნენ განსაკუთრებით ძლიერი გამავრცელებლები“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თამუნა შეყილაძე