თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მრავალშვილიანი ოჯახების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფის კამპანია დაიწყეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მრავალშვილიანი ოჯახების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფის კამპანია დაიწყეს.

დეპუტატები თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს საკვებ პროდუქტსა და პირველადი მოხმარების ნივთებს გადასცემენ. პროდუქტები ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ შეიძინა და დასარიგებლად საკრებულოს გადასცა. საკრებულოს წევრები ნობათებს სპეციალურად გადამზადებული მოხალისეების დახმარებით დაარიგებენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ კომპანიას, რომელმაც მრავალშვილიანი ოჯახებისთვის პროდუქტი შეიძინა, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კერძო სექტორის აქტიურობით, კამპანია, რომლის ფარგლებშიც იმ ადამიანების დახმარება ხდება, რომლებსაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ, არ წყდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები 100 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში აქტიურად დგას ხელისუფლების გვერდით და ეხმარება იმ ადამიანებს, რომელთაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. დღეს, საკრებულოს წევრები, თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში, მრავალშვილიან ოჯახებს აღნიშნულ ნობათებს დაურიგებენ. ამ ეტაპზე საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები 100 ოჯახს გადაეცემა. თუმცა კამპანია გრძელდება და ჩვენ ეტაპობრივად ყველა იმ ოჯახს დავეხმარებით, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს წევრები ნობათს თბილისის ათივე რაიონში დაარიგებენ. როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განაცხადა, საკრებულო, დედაქალაქის მთავრობასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში მოსახლეობის დახმარების კამპანიაში. მისივე თქმით, აღნიშნული კამპანია კერძო სექტორის დახმარებით წარმატებით მიმდინარეობს და ის მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები