ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი: საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა, საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს ეკლესიაც
ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის გრიგოლის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს ეკლესიაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურებები შეწყდება.
ამის შესახებ მეუფემ ფოთის საკათედრო ტაძარში საღამოს ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შეიძლება ადამიანმა ეკლესიაში ვერ შეძლოს მისვლა არა იმიტომ რომ ვინმე უკრძალავს, არამედ იმიტომ, რომ ღვთის გულისთვის დაიცვას საკუთარი თავიც და სხვაც.
“გასაგებია, როცა გადაბრუნდება გზა, მერე გამოჩნდება მსხვერპლიო. მსხვერპლი როცა იქნება და მსხვერპლის რაოდენობა გაასწრებს ინფიცირებულთა რაოდენობას მერე სხვადასხვა დასკვნები გაკეთდება და შეიძლება გვიან იყოს. პრობლემები რაც არის საქართველოში, შესაძლოა, იოლად გამოიყურებოდეს მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს საფრთხეების სწორად გააზრებაში და კარგი იქნება ეს საფრთხეები უმსხვერპლოდ გადავლახოთ. ზიარებაზე განსხვავებული აზრი არსებობს სასულიერო პირებს შორისაც.ეს საკითხი ცალკეულად ვერ გადაწყდება. სინოდზე უნდა გადაწყდეს. ჩვენ ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოოს ერთმანეთთან და არა პირიქით,”- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.