შოთა რეხვიაშვილი: ბოლნისში ერთ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლნისში ერთ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულის შესასვლელთან მოწყობილ ბლოკ-პოსტთან განუცხადა.
„დილის მონაცემებით 8 სიმპტომატიკური პაციენტი იყო საველე ჰოსპიტალში. ერთ-ერთ მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ბოლნისიდანაა და აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია აქვს. მან 17 მარტს გადმოკვეთა საზღვარი და 23 მარტიდან კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა.
ამ წუთისთვის 6 პაციენტი რჩება საველე ჰოსპიტალში და ერთ-ერთი მათგანთან არის საეჭვო მდგომა, რომელსაც თბილისში გადავიყვანთ და იქ იქნება დაკვირვების ქვეშ. აღნიშნულილი პირი მარნეულიდანაა”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 86 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4534 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 276 პირი რჩება.