ამირან სალუქვაძე: არასახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტიებმა ამ განსაცდელის დროს გამოცდები ვერ ჩააბარეს
„ჯერჯერობით, არასახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტიებმა ამ განსაცდელის დროს გამოცდები ვერ ჩააბარეს. როცა საყოველთაო განსაცდელის დროს ხელისუფლებას ებრძვით, ამით მოსახლეობასაც უპირისპირდებით”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პარტიული ნიშნით დახმარებების დარიგება საყოველთაო გამოწვევის დროს ბიბლიოთეკებსა თუ რეგიონებში, არასწორია.
„ეკლესიებში ხალხის მისვლას ხომ აპროტესტებდით?! რამხელა ხმაური ატეხეთ და რა ცეცხლში გაატარეთ საპატრიარქო და მორწმუნეები. ასეთი თავყრილობების მოწყობას რა რეაქცია მოჰყვება, ველოდები. საგანგებო სიტუაციების დეკრეტი რომ დაირღვა, ფაქტია. საერთოდ, პარტიული ნიშნით დახმარებების დარიგება საყოველთაო გამოწვევის დროს, ბიბლიოთეკებსა თუ რეგიონებში, არაა მთლად სწორი. „ქართული ოცნება” მხოლოდ თავის მომხრეებს უნდა დაეხმაროს? დახმარებები, როგორც კომპანიები აკეთებენ, პარტიებმაც მთავრობასთან კოორდინირებულად უნდა გასწიოთ. პოლიტიკურმა პარტიებმა დახმარებების წყაროც წარადგინეთ ან გამოაქვეყნეთ. ბევრი სიცრუე ან უაზრო განცხადება ვრცელდება, რომელთა მიზანია ხალხის გაღიზიანება. კერძოდ: „ევროპული საქართველოს” მიერ 5 მილიარდის მოცულობის დახმარების სახით დარიგება წმინდა წყლის პოპულიზმია. კარგი იქნება, თუ 2008 წლის ომის შემდეგ შემოსული 5,5 მილიარდი დოლარის ანგარიშს ჩააბარებთ საზოგადოებას”, – წერს ამირან სალუქვაძე.
მისი თქმით, ცრუ ინფორმაცია არა მხოლოდ თანხებთან, არამედ ცხელ ხაზსა და კორონავირუსის ტესტებთან დაკავშირებითაც გავრცელდა.
„ცხელ ხაზთან დაკავშირებით, ასევე, სიცრუეს ავრცელებთ. გუშინ დარეკა ჩემმა შვილმა, მალევე უპასუხეს და კონსულტაციაც გაუწიეს; ტესტებთან დაკავშირებით განცხადებების გაგრძელება უკვე არასერიოზულია, როცა იცით, რომ აპრილის ბოლომდე 216 ათასი შემოვა. სირცხვილია განცხადებები ჩვენი მოქალაქეების უფრო სწრაფად დაბრუნებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, როცა ასობით მოქალაქე დააბრუნეს და უკვე გაცხადებულია, რომ არავის დატოვებენ უყურადღებოდ. ჩვენს სამხედროებთან მიმართებაში ჩასაფრებაში ყოფნა ასევე სირცხვილია. ჯარისთვის, ისევე როგორც პოლიციისთვის, ეს არასპეციფიკური ამოცანაა, რომელსაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის ასრულებენ და მხოლოდ მადლიერნი უნდა ვიყოთ”, – აღნიშნავს ექსპერტი.
ამირან სალუქვაძე მოუწოდეს პოლიტიკურ პარტიებს, დახმარების სურვილის შემთხვევაში, აქტივისტების მობილიზება მოახდინონ და მოხალისეებად ჩაეწერონ.
„პოლიტიკურ პარტიებს თუ დახმარება გსურთ, შეგიძლიათ, აქტივისტების მობილიზება მიახდინოთ და მოხალისეებად ჩაეწერონ. მთავრობას რომ სთხოვთ 5 მილიარდის (500 მილიონი მაინც გეთქვათ) გამოყოფას, ტყუილად გაფინანსებთ ბიუჯეტი და გადარიცხეთ თანხები. ასევე პარტიული მულტიმილიონერები და მილიარდერები გყავთ, გაინძერით, სხვისი მილიონებისკენ რომ იშვერთ თითს. ჯერჯერობით, არასახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტიებმა, ამ განსაცდელის დროს, გამოცდები ვერ ჩააბარეს. როცა საყოველთაო განსაცდელის დროს ხელისუფლებას ებრძვით, ამით მოსახლეობასაც უპირისპირდებით. ბევრჯერ დავწერე. აგრძელებთ. პოლიტიკური პარტიების თემა დავხურე. ორიენტირი 2024-ზე”, – განმარტავს სალუქვაძე.