იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ზუგდიდში “ნაცმოძრაობის” მიერ პირბადეების უსასყიდლოდ დარიგების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადებისას ამოქმედებულ შეზღუდვებს ყველა უნდა დაემორჩილოს.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა იყოს დაცული.
“დღეს როდესაც სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს, რათა მოქალაქეები ვირუსის გავრცელებისგან დაიცვას, მსგავსი შეკრებები აბსოლუტურად მიუღებელია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზვიად შალამბერიძემ განუცხადა. საუბარია ზუგდიდში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მოქალაქეების შეკრიბაზე, სადაც მათ პირბადეები დაურიგეს.
ყველა დამეთანხმება იმაში, რომ საკმაოდ უპასუხისმგებლო საქციელი იყო ის, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, ყველა ადამიანი მოვაქციოთ თვითიზოლაციაში, არ გამოვიდნენ სახლებიდან, ვცდილობთ, რომ რიგები დავიცვათ და სახელმწიფო ყველა ძალას ხმარობს იმისთვის, რომ ეს მითითებები შევასრულოთ, ამდენი ადამიანის შეკრება არის აბსოლუტურად მიუღებელი. მივმართავ ჩვენს მოსახლეობას და იმერეთის მოსახლეობას, ძალიან გთხოვთ, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ყველა საჭირო ნივთი პირადად სახლში მივაწოდოთ ადამიანებს, განსაკუთრებით იმათ, ვიზეც უკვე ვზრუნავთ და მოხალისეების მეშვეობით 70 წელს გადაცილებულები ვინც არიან და აი, ასეთ იაფფასიან პროვოკაციებს მე ვფიქრობ, არ უნდა წამოეგოს ჩვენი მოსახლეობა. რამდენადაც მე ვიცი, მსგავი ჩვენს მხარეშიც იგეგმება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმერეთის მოსახლეობას, რომ მსგავსს შეკრებებს მოერიდონ, ნუ დავაყენებთ საკუთარ თავსა და საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, მომხდარზე სამართალდამცველების რეაგირება ადეკვატური იქნება.
“დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველების რეაქცია ადეკვატური იქნება, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს საგანგებო მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და ყველა ადამიანი განურჩევლად მისი პროფესიისა თუ პოლიტიკური მიკუთვნილობისა, უნდა დაემორჩილოს საგანგებო ვითარების წესებს, იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ ის რისკი, რაც არის დაკავშირებული კორონავირუსის გავრცელებასთან”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდში ენმ-ს წევრებმა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შემდეგ, პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები უსასყიდლოდ დაარიგეს, რა დროსაც მათ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ამოქმედებული კანონი, რომ 10 კაცზე მეტის შეკრება არ შეიძლება, დაარღვიეს.