დუშეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები მოსახლეობას ადგილზე ეხმარებიან
დუშეთის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები, შექმნილ ვითარებაში მაცხოვრებლებს ადგილზე აქტიურად უწევენ დახმარებას:
ადმინისტრაციულ ცენტრს მოშორებულ სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ასაკოვან ადამიანებთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მათ პირადად მიაქვთ პირველადი საჭიროების საკვები და მედიკამენტები, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას ტრანსპორტით გადაჰყავთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში. მოხალისეთა ჯგუფები აგრეთვე, ჩართულნი არიან საინფორმაციო კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც ისინი მოქალაქეებს აღნიშნულ სიტუაციაში ქცევის წესის შესახებ რეკომენდაციებს აწვდიან.
დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეებს შესაბამისი ტრენინგი 20 მარტს ჩაუტარდათ, ხოლო მათ მიერ გატარებულ სამუშაოებს მონიტორინგს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი უწევს.
დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ თანამშრომლები.