აბაშაში მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებისთვის სადილის შინ მიტანა გრძელდება (ვიდეო)

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები, მოხალისეებთან ერთად, მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სადილის საცხოვრებელ ადგილზე მიტანას განაგრძობს.

როგორც “რეგიონულ კვირას“ აბაშის მერმა, ლევან მაკალათიამ ​ განუცხადა, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მერიაში შექმნილია დროებითი სამუშაო ჯგუფი და ისინი უფასო სასადილოს 49 ბენეფიციარს, სანიტარული ნორმების სრული დაცვით, საკვებს ყოველდღიურ რეჟიმში შინ აწვდიან.

“მუნიციპალიტეტს აქვს ჩამოყალიბებული და მკაფიო გეგმა, ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვაქვს კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვისაც აქვს გადაადგილების პრობლემა, რადგან იმყოფებიან თვითიზოლაციაში და ჩვენი მოხალისეები საკვებს მათ სახლში აწვდიან. ასევე, შექმნილია 3 ერთეული მსუბუქი ავტომანქანით აღჭურვილი მოხალისეთა ჯგუფი და საჭიროების შემთხვევაში, ისინი იმ ექიმების გადაადგილებას უზრუნველყოფენ, რომლებიც პაციენტებს ბინაზე მისვლის სერვისით ემსახურებიან და სამედიცინო დახმარების საჭიროება აქვთ“, – განაცხადა ლევან მაკალათიამ.

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, აბაშის მუნიციპალიტეტში დაკეტილია ყველა ობიექტი, გარდა – აფთიაქების, ბანკისა და სასურსათო მაღაზიებისა. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები