გია ჟორჟოლიანი გამოდის “საყოველთაო სოლიდარობის ფონდის” შექმნის ინიციატივით, რომელიც კორონავირუსის გამო შემოსავლების გარეშე დარჩენილ ადამიანებს დაეხმარება
პარლამენტის წევრი, გია ჟორჟოლიანი გამოდის ინციატივით, რომ შეიქმნას “საყოველთაო სოლიდარობის ფონდი”. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
ჟორჟოლიანის თქმით, ფონდი დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურისა და შემოსავლების გარეშე დარჩნენ.
“რამდენიმე კვირის წინ მე გავაკეთე განცხადებები, რომ მთავრობის მთავარი ფუნქცია იყო, შეესრულებინა ის რეკომენდაციები, რომლებსაც იძლეოდნენ გამყრელიძე, იმნაძე, ცენრცვაძე, ეზუგბაია – ეს ხალხი იყო იმ პრობლემის გადამწყვეტი, რომელიც ჩვენს წინაშე წამოიჭრა. დღეს ეს პრობლემა ვრცელდება და აშკარაა, რომ გაცდება ამ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანების კომპეტენციას და გაცდა კიდევაც. აშკარაა, რომ ეკონომიკური პრობლემები არანაკლებ სიმძიმეს მოგვიტანს, ესაა პანდემია, ამიტომაც ორი კრიზისია: ჯანდაცვის და ეკონომიკური. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ვითარებაში ჩვენი მთავრობა საკმაოდ ეფექტურად იქცევა და იმედი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება. მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ, რა უნდა გავაკეთოთ, მხოლოდ ის, რომ დავემორჩილოთ გადაწყვეტილებებს? კი, ეს აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისია.
აშკარაა, რომ საბიუჯეტო შემოსავლები შემცირდება, იქნება ახალი უმუშევრობა, ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილებს. აუცილებლად შემცირდება იმ ადამიანების შემოსავლები, რომლებიც დაკარგავენ სამსახურს და ისინი დაკარგავენ საარსებო წყაროს. მთავრობას შეუძლია, კიდევ უფრო ეფექტურად შეცვალოს ბიუჯეტის მიმართულებები და მიმართოს ძალისხმევა პირველი რიგის ამოცანების გადასაწყვეტად, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სურსათი თუ მედიკამენტები. ვხედავთ, რომ ეს კეთდება. ჩვენ, საზოგადოებამ ასე გულხელდაკრეფილმა უნდა ვუყუროთ ამას? თითოეულმა მათგანმა უნდა გავიზიაროთ ეს ყველაფერი.
ჩვენი წინადადებაა, შეიქმნას “საყოველთაო სოლიდარობის ფონდი”. კოლექტიური მოქმედების გარეშე ცალკე ჯგუფები ამას ვერ გავაკეთებთ. ამისათვის რადიკალურად შემცირდება სახელმწიფოს რესურსები და მოთხოვნა გაიზრდება. ადამიანებს, ვინც ვაგრძელებთ მუშაობას და გვაქვს სამსახური, შემოსავლის ნაწილს შევიტანთ ამ სოლიდარობის ფონდში. მაგალითად, ვისაც 3000 ლარი აქვს შემოსავალი, ყოველთვიურად რომ 300 ლარი დააკლდეს, ვფიქრობთ, რომ შეუძლებელი არ იქნება”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.