ლევან სილაგავა: ადგილობრივი საწარმოების, მათ შორის მძიმე მრეწველობის ობიექტების მუშაობა აუცილებელია
„საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ადგილობრივი წარმოების შეუფერხებელი და გამართული მუშაობა აუცილებელია.
სილაგავას მოსაზრებით, ჯანმრთელობა მთავარია, თუმცა ქვეყნის ეკონომიკისათვის ადგილობრივი საწარმოების ფუნქციონირებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების ხელშეწყობა, მაგალითად, როგორიც წიაღის მოპოვება-წარმოებაა. არ უნდა გაჩერდნენ საკვების, მაგალითად ფქვილის, კვერცხის და მეფრინველეობაზე ორიენტირებული საწარმოები“, – აცხადებს სილაგავა.
მისი თქმით, კომპანიებს, რომლებსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ აქვთ გასაღების ბაზრები და დაიცავენ უსაფრთხოების ნორმებს, საწარმოო პროცესში პრობლემები არ უნდა შეექმნათ.
„წინააღმდეგ შემთხვევაში დაიკარგება სამუშაო ადგილები, შეფერხდება ეკონომიკა“, – აცხადებს სილაგავა.
მისი თქმით, მარნეულის რაიონში სადაც საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, უპრობლემოდ ფუნქციონირებს წისქვილკომბინატი, სადაც უსაფრთხოების ყველა ნორმაა დაცული.
როგორც ცნობილია, მთავრობა უკვე მუშაობს იმ კომპანიების სიაზე, რომლებმაც კორონავირუსის პირობებში შეუფერხებლად უნდა იმუშაონ.
„გარკვეული დადგენილი წესების დაცვით, შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას ის საწარმოები, რომლებიც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტურქტურასთან – ეს არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, გაზით მომარაგება, გააგრძელებენ მუშაობას სამრეწველო საწარმოებიც, მათ შორის წიაღის მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებული კომპანიები, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საწარმოები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.