გიორგი გახარიამ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან კორონავირუსთან გამკლავებისთვის ერთობლივად განსახორციელებელი ნაბიჯები განიხილა

კორონავირუსის გლობალურ გამოწვევასთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავების მიზნით, სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან ერთობლივად განსახორციელებელი ნაბიჯები განიხილეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა კერძო სექტორისა და მსხვილი დამსაქმებლების როლზე ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვის პროცესში.

საუბარი შეეხო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად დაწესებულ შეზღუდვებსა და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, მათ შორის, ბიზნესის მხრიდან დასაქმებულთა მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ამ საკითხთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვას.

ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალურად განემარტათ ცალკეული რეგულაციების მოქმედების სფერო.

მსხვილი ბიზნესსუბიექტების წარმომადგენლებს საბანკო სექტორის მზაობის პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ სექტორი მომზადებულია მოსალოდნელ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და ფინანსურ სექტორს შეუძლია, დაბალანსებულად უპასუხოს შექმნილ გამოწვევებს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმის მოქმედების მიუხედავად, ინფრასტრუქტურულ პროექტები არ შეფერხდება და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ამასთანავე დაიწყება ახალი მსხვილი პროექტებიც, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტიმულირებას.

პრემიერის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც მთავრობის მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები, ქვეყნის ეკონომიკას მისცემს საშუალებას, კრიზისის შემდგომ, განვითარების ჩვეულ რეჟიმს რაც შეიძლება მოკლე ვადაში დაუბრუნდეს.

მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ბიზნესი მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა და ფულადი თუ მატერიალური რესურსებით მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი სახელმწიფოს შექმნილი ვითარების დაძლევის პროცესში.

შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო კორონავირუსის გავრცელების გამო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი ეფექტური გადაჭრის კონკრეტული მექანიზმები.

შეხვედრაში საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, პრემიერმინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში – ბექა ლილუაშვილი და ბიზნესომბუდსმენი – მიხეილ დაუშვილი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები