ვლადიმერ პუტინმა ასლან ბჟანიას ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ასლან ბჟანიას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
“თავისუფალ გარემოში ჩატარებულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება – თანამემამულეებში თქვენი მაღალი ავტორიტეტის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელად თქვენი საქმიანობა ხელს შეუწყობს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ასევე, ქვეყნის დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად გამარჯვება ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ მოიპოვა.
ე.წ. არჩევნებს ევროკავშირში გამოეხმაურნენ, სადაც აღნიშნეს, რომ არ ცნობენ იმ საკონსტიტუციო-სამართლებრივ ბაზას, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ე.წ. არჩევნები. ასევე, ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერენ მხარს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. არჩევნები დაგმო და აღნიშნა, რომ “ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო “არჩევნების” ორგანიზება, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვეულ პრაქტიკას წარმოადგენს, რაც მისი მხრიდან, სუვერენულ სახელმწიფოებში აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად”.
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ „ნატო არ ცნობს ე.წ. არჩევნებს, რომელიც გუშინ ჩატარდა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში. ალიანსი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“.