სოფელ დილიკაურში გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურში, ღავთაძეების უბანში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
გზის აღნიშნული მონაკვეთი რამდენიმე უბანს აკავშირებს ერთმანეთთან, რომლითაც ყოველდღიურად 400 – მდე ადამიანი სარგებლობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 316 951 ლარი იხარჯება. სატენდერო ვალდებულებით, გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს “იმერმშენი” ახორციელებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, გზაზე არმირებული ბეტონის საფარი იგება.
საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ დაათვალიერა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
“2020 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საგანგებო რეჟიმის მდგომარეობაში მუშაობს, ადგილობრივი თვითმმართველობა, მთავრობასთან ერთად, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა დავიცვათ, როგორც თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, ასევე სწორად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ქვეყანას უდგას. პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, ჩვენი ვალდებულებაა, გავაგრძელოთ ყველა ის პროექტი, რომელიც 2020 წელს დავიწყეთ. ერთ – ერთია სოფელ დილიკაურის საავტომობილო გზა, რომელიც თავის მასშტაბებით ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.