ზესტაფონში მოხალისეთა ჯგუფს ტრენინგი ჩაუტარდა
ზესტაფონში, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეთა ჯგუფი დაატრენინგეს. ტრენინგი მოხალისეებისთვის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდა და მას ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, ასევე, ვიცე მერი დავით მაღრაძე ესწრებოდნენ.
„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა მოხალისეებს შესაბამისი რეკომენდაციები გაუწიეს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რათა მაქსიმალურად დაიცვან, როგორც საკუთარი თავი, ასევე, ის ადამიანები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში მოემსახურებიან. მოხალისეთა ჯგუფს, საინფორმაციო შინაარსის ბუკლეტებიც დაურიგდათ.
მოხალისეთა ჯგუფის მობილიზება, მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. ყველა ის მოხალისე, რომლებმაც სპეციალური გადამზადება გაიარეს, საჭიროების შემთხვევაში ხანდაზმულ მოხუცებს, სასურსათო პროდუქტს, მედიკამენტებს და პირველადი მოთხოვნის ნივთებს ოჯახებში მიუტანენ.