ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში მორწმუნეებს ეპარქიის წარმომადგენლებმა დისტანციის დაცვისკენ მოუწოდეს
ზუგდიდის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვის მიმდინარეობისას მრევლი ერთმანეთთან გარკვეულ დისტანციას იცავს. ლოცვა 9 საათზე დაიწყო და მას 50-ზე მეტი ადამიანი ესწრება. საკვირაო წირვას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ატარებს.
მეუფეს განცხადებით, ითვალისწინებენ ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში წირვის დროს მრევლი ეზოში დისტანციის დაცვით განლაგდება და გარე გახმოვანების საშუალებით მოუსმენს ლოცვას.
მეუფე გერასიმემ მრევლს, ჯანდაცვის რეკომენცადიების დაცვისკენაც მოუწოდა.
„ეკლესიას გააჩნია მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, ყოველთვის იყო შესაძლებობა იმისა, რომ წირვა-ლოცვა ყოფილიყო ტაძრებში და ღმერთმა არ მოგვასწროს წირვა-ლოცვა შეწყდეს. იმიტომ, რომ ეს არის წყვეტა ღმერთთან და ეს არის მეორედ მოსვლის ნიშნები, რასაც ყოველი ჩვენგანი შეიძლება არ ველოდებოდეთ, მაგრამ ფაქტის წინაშე დავდგეთ“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში პირველი წირვა ტარდება.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 2956 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 291 პაციენტი. კორონავირუსისგან ჯამში 3 ადამიანი განიკურნა.