გიორგი კახიანი: საგანგებო მდგომარეობის დროს კონსტიტუციური განხილვები ჩერდება
საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციური განხილვები გაჩერდება.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევებში, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შესაძლებელი იქნება განხილვების გაგრძელება.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რჩება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება. იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, ეს, რა თქმა უნდა, ამ პროცესსაც შეეხება. კონსტიტუციური ჩანაწერის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს კონსტიტუციური განხილვები ჩერდება. ჩვენ ვართ საყოველთაო სახალხო განხილვის ეტაპზე, ამიტომ, საგანგებო მდგომარეობა თუ გამოცხადდება, შეჩერდება და მას შემდეგ გაგრძელდება, რაც საგანგებო მდგომარეობა აღარ იქნება. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა იქნება გამოცხადებული.
საყოველთაო განხილვების ჩატარებასაც არაორდინალურ ვითარებაში ვგეგმავდით, იქნებოდა განსხვავებული განხილვა, თუმცა თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ეს განხილვა მთლიანად შეჩერდება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.