ნინო ქადაგიძე: საპარლამენტო უმცირესობაში არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სასამართლო რეფორმის სათავეებთან იდგნენ, ვიცი, მათი მხარდაჭერის იმედი დღეს არ მექნება

“ოპოზიციაში, საპარლამენტო უმცირესობაში არიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სასამართლო რეფორმის სათავეებთან იდგნენ და მინდა, მათი წვლილიც ხაზგასმული იყოს”, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ბოლო დროს შეტანილმა ცვლილებებმა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის გარანტიები არ არის მრავალსაუკუნოვანი კულტურით დაცული, უმნიშვნელოვანესია ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები. საქართველოს კონსტიტუციაში ბოლო დროს შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ფორმირების პროცესში და ხელისუფლების სხვა შტოებისგან არასათანადო კავშირებისა თუ გავლენებისგან მისი დაცვის თვალსაზრისით. ამ მიმართებით მინდა, განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნო მიმდინარე მოწვევის პარლამენტის დამსახურება. ვფიქრობ, ამ პარლამენტმა ისტორიული როლი შეასრულა ამ მიმართულებით. აქვე მინდა, ოპოზიციის როლი აღვნიშნო, რამდენადაც ოპოზიციაში, საპარლამენტო უმცირესობაში არიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სასამართლო რეფორმირების სათავეებში იდგნენ და მინდა მათი წვლილიც ხაზგასმული იყოს. ვიცი, რომ მათი მხარდაჭერის იმედი დღეს არ მექნება, მაგრამ მინდა, ამ პროცესისადმი მათი დამოკიდებულების მიმართ ჩემი პოზიცია და პატივისცემა ხაზგასმით აღვნიშნო”, –  განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები