კახა კალაძე: თბილისის მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-მდე პედაგოგი, თერაპევტი და მწვრთნელი, სწავლების შეჩერების მიუხედავად, ხელფასს მიიღებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-მდე პედაგოგი, თერაპევტი და მწვრთნელი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო სწავლების შეჩერების მიუხედავად, სახელფასო ანაზღაურებას მაინც მიიღებს.

მისივე თქმით, პედაგოგებს, სწავლის აღდგენის შემდეგ, გაცდენილი საათების აღდგენა მოუწევთ.

„როგორც იცით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი და რიგი სასწავლო სამედიცინო თუ სხვა ტიპის მუნიციპალური პროგრამების მუშაობა. თბილისის მერია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმის გამო, რომ ამ პროგრამებსა და დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები ამ რთულ სიტუაციაში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, უწყვეტად განვაგრძობთ ამ პროგრამების სახელფასო დაფინანსებას. კერძოდ, მომსახურების შეჩერების მიუხედავად, გაგრძელდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზების, სპორტული სკოლების პედაგოგ- მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობებით, რომ კორონავირუსული ინფექციის საფრთხის აღმოფხვრის შემდეგ, პედაგოგ -მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი. ასევე, გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, ასევე არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამების დაფინანსება. სწავლების შეჩერების მიუხედავად მერიის ბალანსზე არსებული კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის, მწვრთნელებისა და პედაგოგების მარტის თვის სახელფასო ანაზღაურება გაიცემა. მათ შორის, საუბარია ხელოვნების სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებზე.

ჩვენ, ჯამურად, უზრუნველვყოფთ თბილისის მუნიციპალურ პროგრამებში ჩართულ 2500-მდე პედაგოგის, მწვრთნელისა და თერაპევტის ხელფასების დაფინანსებას, რომლებიც სასწავლო პერიოდში, დაახლოებით, 25 ათასამდე ბავშვსა და ახალგაზრდა ემსახურებიან. ჩვენი გუნდისთვის უპირველესი მიზანი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათზე ზრუნვაა”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები