ტურიზმის სექტორისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ძალაშია
ტურიზმის სექტორისთვის გადასახადის გადავადების საშეღავათო პირობები ამოქმედდა. კერძოდ, დღეიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირები საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდის გადავადებით სარგებლობას შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განაცხადის (ელექტრონული ფორმით) წარდგენით შეძლებენ.
„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოახდინონ დეკლარირებული ვალდებულების გადახდის გადავადება 4 თვით მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. კერძოდ, განთავსების ობიექტებზე (სასტუმრო, ჰოსტელი, გესტჰაუსი და სხვა განთავსების ადგილები) ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის ობიექტებზე და სხვა.
შეღავათი შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც განხორციელდება მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილ დეკლარირებულ დავალიანებაზე არანაირი იძულების ღონისძიება არ გატარდება, ხოლო შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას, საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.