მაია ცქიტიშვილი: ჩვენს ქვეყანაში არ არის არავითარი შეფერხება პროდუქტების და სურსათით მომარაგებასთან დაკავშირებით, ყველა სავაჭრო ქსელში რამდენიმეთვიანი მარაგია უზრუნველყოფილი 

ჩვენს ქვეყანაში არ არის არავითარი შეფერხება პროდუქტების და სურსათით მომარაგებასთან დაკავშირებით, ყველა სავაჭრო ქსელში უზრუნველყოფილია რამდენიმეთვიანი მარაგი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პრემიერ-მინისტრისა და სასურსათო მაღაზიათა ქსელის ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცქიტიშვილი სავაჭრო ქსელში მომატებულ აქტივობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბევრ სავაჭრო ქსელში ცალკეულ პროდუქტებზე მომატებული მოთხოვნა და გარკვეულ შემთხვევაში ცარიელი დახლებიც დაფიქსირდა.

მისივე განმარტებით, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, მუდმივ რეჟიმში კონტროლდება მარაგების რაოდენობა და მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ დღეს პანიკისა და გადაჭარბებული მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.

„მიუხედავად იმ ბევრი გამოწვევისა, რომელსაც მთელი საზოგადოება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით აწყდება, საქართველოში ეპიდემილოგიური და ჯანდაცვის კუთხით, ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში ძალიან კარგი ვითარება გვაქვს. გვყავს 30 პაციენტი, ჯანდაცვის სექტორი სრულად აკონტროლებს ვითარებას, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომ ყველა კონტაქტი იყოს დადგენილი და არ გვაქვს საფუძველი, რომ ვიფიქროთ ან გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა. ამდენად, ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, რომელშიც ვიმყოფებით ბოლო პერიოდში. ვიღებთ იმ ზომებს, რომელიც საჭიროა სოციალური დისტანცირებისთვის, ზედმეტი შეკრების მაქსიმალურად შესაზღუდად ან ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის, მაგრამ ეს არანაირად არ აისახება ჩვენი მაღაზიების თუ სავაჭრო ქსელების მუშაობაზე, იმ აუცილებელი პროდუქტების მუდმივ მოწოდებაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ბიზნესთან ერთობლივი მუშაობით უზრუნველყოფს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები