ვახტანგ ბუცხრიკიძე: პრემიერთან ერთად განვიხილეთ, თუ რა ინიციატივები შეუძლია, წარმოადგინოს საბანკო სექტორმა გამოწვევების დასაძლევად, განსაკუთრებით ეს ტურიზმს შეეხება
„საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს ქართულ ეკონომიკაში, მთლიანად ქართული საბანკო სექტორი ვიყავით წარმოდგენილი”, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საბანკო სექტორთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შეხვედრას ეკონომიკური ბლოკის მინისტრები და, აგრეთვე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა ინიციატივები შეუძლია, წარმოადგინოს საბანკო სექტორმა არსებული გამოწვევების დასაძლევად.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ რამდენიმე დღეში, ამ კვირის ბოლოს კიდევ იქნება ერთი შეხვედრა, სადაც ამ გამოწვევების კიდევ უფრო მეტ დეტალზე ვისაუბრებთ; არა მხოლოდ ვისაუბრებთ, არამედ უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს შევთავაზებთ – მოკლევადიანი გამოწვევები რაც არსებობს ეკონომიკაში, განსაკუთრებით, ეს ტურიზმს შეეხება, საბანკო სექტორს რა ინიციატივები შეუძლია გააკეთოს იმისათვის, რომ ეს მოკლევადიანი პრობლემები დაიძლიოს”, – აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.