​საქართველოს პრეზიდენტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურ სამთავრობო კამპანიას უერთდება

საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოში ასოციაცია “მერკურის” ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფარს ეწვია. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურ სამთავრობო კამპანიას უერთდება.
“ეს ის თემაა, რომლის ირგვლივაც ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ. უკვე ოფიციალურად გაიხსნა კამპანია მთავრობის დონეზე ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, უწყებათაშორისი კომისიაც შეიკრიბა და ამ კამპანიას სრულიად ვუერთდები. მიმაჩნია, რომ ძალადობა ქართველის სირცხვილია და ასე უნდა მიაჩნდეს მთელს საზოგადოებას. ეს ჩვენი სირცხვილია, ეს დაავადებაა და უნდა დავძლიოთ ის”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფრის ადმინისტრატორმა, ირმა დარასელიამ განაცხადა, თავშესაფარი პოლონეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა, 2 წელია ფუნქციონირებს და უკვე 30 -მდე ოჯახს დაეხმარა.
თავშესაფარში მისულ ოჯახებს შესაბამის დახმარებას უწევენ ფსიქოლოგები, იურისტები და სოციალური მუშაკები. ცენტრი აქტიურად მუშაობს ძალადობის მსხვერპლ ქალთა გაძლიერებისათვის, მათ უტარდებათ ტრეინინგები, გადიან შესაბამის გადამზადებას სხვადასხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები