ვეფხვია გულედანი: მმართველმა პარტიამ კვლავ დაადასტურა, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემით მოიგებს არჩევნებს
საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ვეფხვია გულედანი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გაფორმებულ შეთანხმებას ეხმაურება.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან გადადგმული სწორი, კომპრომისული და სტრატეგიული ნაბიჯების შედეგია.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ შეთანხმებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან გადადგმული სწორი, კომპრომისული და სტრატეგიული ნაბიჯების შედეგია. ამით მმართველმა პარტიამ გამოთქვა მზაობა და კვლავ დაადასტურა, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემით ის მოიგებს არჩევნებს, ვინაიდან არჩევნებს არა სისტემები, არამედ ხალხი იგებს და ოპოზიციის პანიკური მდგომარეობა, შეცვლილიყო სისტემა, მიუთითებს ერთ საკითხზე, რომ მათ საზოგადოების ნდობა არ გააჩნიათ, ძველი სისტემით ვერ შეძლებდნენ საჭირო ხმების მობილიზებას და მათი წარმომადგენლობა პარლამენტში მრავალრიცხოვანი არ იქნება. შესაბამისად, ოპოზიციის პანიკით კვლავ დადასტურდა, რომ არჩევნებს სახელისუფლებო გუნდი მოიგებს. უბრალოდ, ამ სისტემით ოპოზიცია შედარებით იმატებს შანსებს, საკანონმდებლო ორგანოში მეტი წარმომადგენელი შეიყვანოს. ზოგადად, ნებისმიერი სისტემის დახვეწა მისასალმებელი და წინ გადგმული ნაბიჯია. აღნიშნული შეთანხმებისთვის მადლობა ხელისუფლებას, რომელიც ჯანსაღ კომპრომისზე წავიდა, ასევე, მადლობა დიპლომატიურ კორპუსს, აქტიური და სწორი ჩართულობისთვის”, – აცხადებს ვეფხვია გულედანი.