ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური პარტიების შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის ოპოზიციური პარტიების შეხვედრების ფორმატში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულმა შეხვედრებმა და იმ ფორმატმა. მიუხედავად იმისა, რომ იქ შეკრებილ ხალხს ერთმანეთი დიდად გულზე არ გვეხატებოდა და არც ახლა გვეხატება, ჩვენ, ყველა მივხვდით, რომ სახელმწიფოებრივი ამოცანა, მიზანი და ნორმალური საარჩევნო სისტემა უფრო მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ ვითმენდით ერთმანეთს და ვითმენდით იქ ყოფნას, თუმცა საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება მიღებულია. შესაბამისად, ჩვენ, “სამოქალაქო მოძრაობა” ვეღარ ვხედავთ იმ ფორმატის როლსა და ფუნქციას და ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეხვედრების ის ფორმატი ავტომატურად არის დასრულებული და ჩვენ იმ ფორმატში მონაწილეობას აღარ ვიღებთ.
მზად ვართ, 30 მაჟორიტართან დაკავშირებით მსჯელობაში ჩავერთოთ და საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე აზრები გავცვალოთ, თუმცა ჯერ ნაადრევად მიგვაჩნია იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა ეს შეთანხმება კანონსა და კონსტიტუციაში აისახოს. როდესაც კანონში აისახება, ჩვენ მზად ვართ, ინტენსიურ დისკუსიებში ჩავერთოთ მაჟორიტარებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება გუშინ შედგა.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, 1 %-იან საარჩევნო ბარიერსა და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები