დაჩი ბერაია: საარჩევნო სისტემის 120/30-ზე მოდელს მხარს დავუჭერ, კონსენსუსს მივესალმები
ამ კანონპროექტით ნაკლები შანსია იმის, რომ კოალიციური მთავრობა დასჭირდეს საქართველოს და მემარჯვენე და მემარცხენე, პროდასავლურმა და პრორუსულმა პარტიებმა მთავრობის დაკომპლექტება ერთად დაიწყონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დაჩი ბერაიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ კონსენსუსს მიესალმება.
“სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროს ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი ამ საკანონმდებლო ცვლილებას ორი მიზეზის გამო: ერთი – რეგიონებს არ რჩებოდათ წარმომადგენელი პარლამენტში და მეორე, თუნდაც 49 პროცენტიანი მხარდაჭერის შემთხვევაში ძალიან დიდი შანსი იყო ქვეყანაში შექმნილიყო სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისი. ამ საკანონმდებლო ცვლილებით ეს ორივე მომენტი არის დაბალანსებული – რეგიონებს ნაკლები, მაგრამ მაინც ეყოლებათ თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და 40- 42- 43 პროცენტის შემთხვევაშიც კი, ფაქტობრივად, გამორიცხულია სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისის რისკები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტს და მივესალმები ამ კონსენსუსს. ამ კანონპროექტით ნაკლები შანსია იმის, რომ კოალიციური მთავრობა დასჭირდეს საქართველოს და მემარჯვენე და მემარცხენე, პროდასავლურმა და პრორუსულმა პარტიებმა ერთად დაიწყონ მთავრობის დაკომპლექტება, ამ მოცემულობით ამის ნაკლები შანსია, ვიდრე სრულად პროპორციულის შემთხვევაში იქნებოდა,“ – განაცხადა დაჩი ბერაიამ.
ცნობისთვის, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40 პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.