ალეკო ელისაშვილი: ვიყოთ კორექტულები და თავს ნუ ვარტყმევინებთ იმ შეთანხმებაზე “ქართულ ოცნებას”, ისედაც სერიოზული ნაბიჯები გადადგეს უკან
“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ დემოკრატიას”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებლმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილი საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
ელისაშვილის თქმით, ამიერიდან იქნება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალებას.
„პირველ ყოვლისა, მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა დახმარების გარეშე ეს შეთანხმება არ იქნებოდა და ხელისუფლება არ დათანხმდებოდა ამ პირობებს. მათი მხარდაჭერა იყო გადამწყვეტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას ოქტომბერში, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ოქტომბერში მშვიდად გავუშვათ არაფრისმაქნისი “ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან ისე, რომ არავითარი მიშა და გრიშა აღარ შემოვარდეს და ძალაუფლება ხელში არ ჩაიგდოს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ დემოკრატიას. ამ ქვეყნის პრობლემა ის იყო, რომ პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობდა პარლამენტში და მიმდინარეობდა ქუჩაში. ყოველ ჯერზე საჭირო იყო ქუჩაში გამოვარდნილიყო ხალხი და დაგვეწყო ყვირილი – “გადადექი”. მსგავსი რამ აღარ მოხდება, პირდაპირ პროპორციული წარმომადგენელი ეყოლება ყველა დაინტერესებულ ჯგუფს. ქუჩის პოლიტიკა დამთავრდება ამ საარჩევნო სისტემით.
ვერც ბიძინა ივანიშვილი შეინარჩუნებს ხელისუფლებას და ვერც მიხეილ სააკაშვილი ჩაიგდებს მას. ამიერიდან იქნება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ძალს არ მისცემს ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალებას. იქნება მრავალპარტიული დემოკრატია.
პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რამდენად ნამუსიანია ხელისუფლება და ამ შეთანხმებას რამდენად სერიოზულად უდგება, ამას ვნახავთ ხვალ, ბესიკ თამლიანის პროცესზე. თუ გამოუშვებენ ბესიკ თამლიანს, ე.ი თავიანთი პირობის შესრულებას დაიწყებენ. სწორედ იმ შეთანხმებას მიაღწია ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, რომ თამლიანი, რურუა, ოქრუაშვილი და უგულავა ციხიდან უნდა გამოვიდნენ. მოდით, ახლა ვიყოთ კორექტულები და თავს ნუ ვარტყმევინებთ იმ შეთანხმებაზე “ქართულ ოცნებას”. ისედაც ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგეს უკან და ამიტომ, მაინცდამაინც, ნუ ვათქმევინებთ, რომ პოლიტპატიმრები არიან. გამოუშვან ეს ხალხი ციხიდან და ეს ხომ იმის აღიარება იქნება, რომ არასწორად და უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებულები? ხვალ არის პირველი ტესტი, რამდენად სერიოზულად აღიქვამენ ამ შეთანხმებას ვნახავთ ხვალ, ბესიკ თამლიანის პროცესზე”, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება გუშინ შედგა.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, 1%-იან საარჩევნო ბარიერსა და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
თამუნა შეყილაძე