​კახა კალაძე: კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს, არჩევნებს იგებს საზოგადოების, ხალხის მხარდაჭერა

არჩევნებს იგებს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების, ხალხის მხარდაჭერა, რომელიც გააჩნია პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო საკითხზე მიღწეული შეთანხმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

„მინდა, მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მინდა, მივულოცო ჩვენს მხარდამჭერებს ეს მიღწეული შეთანხმება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო დიპლომატიურ კორპუსს, განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს ამ ჩართულობისთვის. დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა საუბარი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს მოხდა შეთანხმება. ჩვენ ვვარაუდობდით, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინაც ვისაუბრე და გავაკეთე განცხადებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდა საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, თუ როგორი წესით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს. არჩევნებს იგებს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების, ხალხის მხარდაჭერა, რომელიც გააჩნია პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გაუგებარი იყო ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

„ჩვენ გვყავს კრიმინალები, რომლებსაც კონკრეტული დანაშაულები მიუძღვით და ამ დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს. ალბათ თქვენ წერილიც წაიკითხეთ აშშ-ის საელჩოსი, რომელიც გამოქვეყნდა ცოტა ხნის წინ. იქ საერთოდ არ არის საუბარი პოლიტპატიმრებზე“, – განმარტა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები