გიორგი ვაშაძე: მოხარული ვარ, რომ შეთანხმება შედგა, ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო
პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.
მისივე თქმით, იმპლემენტაცია ხვალიდანვე უნდა დაიწყოს.
„მინდა პირველ რიგში მივულოცო ყველა ადამიანს, ვინც აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესში. ამდენი ქუჩის პიკეტი, ამდენი აქტივობა, ამდენი მხარდაჭერა სოციალურ ქსელში, თუ ტელევიზიის მეშვეობით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. მოხარული ვარ, რომ შეთანხმება შედგა, შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შედგა დიპლომატიური კორპუსის ძალიან დიდი დახმარებით და მადლობა მათ.
კონკრეტულად ვთქვათ, რაზე შევთანხმდით: პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. რა თქმა უნდა, შეიძლება ვერ შევთანხმდეთ სახელწოდებებში, ისინი თვლიან თუ არა პოლიტპატიმრებად, მაგრამ ისინი უნდა გათავისუფლდნენ და ამის კონკრეტულ მექანიზმზე იყო საუბარი. „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რომ ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში მოხდეს. აქ არის ორი საკითხი – შეიძლება იყოს პროკურატურის შუამდგომლობა, ან სხვა მექანიზმი, რომ აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს თამლიანს, ოქრუაშვილს და რურუას. მეორე მხრივ, გიგი უგულავასთან დაკავშირებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეწყალების მექანიზმი. პრეზიდენტის მზაობა მე როგორც ვხვდები არის ამასთან დაკავშირებით.
მეორე მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული პროპორციული მისწრაფება ამ არჩევნებში – 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით.
მესამე მნიშვნელოვანი საკითხი – არ მოხდება დაჭრა მაჟორიტარული ოლქების და მაქსიმალურად თანაბრად იქნება გადანაწილებული ისე, როგორც ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მეოთხე საკითხი – ასევე შევთანხმდით 1%-იან ბარიერზე, ბუნებრივ ბარიერზე, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს აღელვებდა.
დღეს დარჩა მხოლოდ ამის იმპლემენტაცია, რომელიც უნდა დაიწყოს ხვალიდანვე. უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა, არ უნდა მოვდუნდეთ. დღეიდან უნდა მოვემზადოთ მძლავრი საარჩევნო კამპანიის დასაწყებად”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.