რუსუდან თევზაძე: ფემიციდის ძალიან სამწუხარო შემთხვევები, კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ ადამიანის ქცევა პირველ რიგში სამოქალაქო განათლებას უკავშირდება

“ფემიციდის ძალიან სამწუხარო შემთხვევები, კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ ადამიანის ნებისმიერი პროფესია, თუ ცალკეული სოციალური ქცევა პირველ რიგში უკავშირდება განათლების უმნიშვნელოვანეს პლატფორმას, სამოქალაქო განათლებას”,-ამის შესახებ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერმა, რუსუდან თევზაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მაღალი კლასის პროფესიონალიზმი არაფერია, სამოქალაქო შეგნების გარეშე.

“ალბათ ბევრი იტყვის, რა დროს განათლებაზე აქცენტების გაკეთებააო, თუმცა როგორც განათლებისა და სოციალური უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ადამიანს, მსურს მცირე ანალიზი გავაკეთო.
ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებმა, როგორიცაა კორონავირუსის თემა, ფემიციდის ძალიან სამწუხარო შემთხვევები, კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ ადამიანის ნებისმიერი პროფესია, თუ ცალკეული სოციალური ქცევა პირველ რიგში უკავშირდება განათლების უმნიშვნელოვანეს პლატფორმას, სამოქალაქო განათლებას.
იგი შედარებით ახალგაზრდა მიმართულებაა, თუმცა პრაქტიკულად ერთადერთი გზამკვლევი ნებისმიერი საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც არსებითად უზრუნველყოფს მოზარდის აღზრდის კომპონენტს და შესაბამისად მასში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას.
ქვეყნის სიძლიერე და მისი სახელმწიფოებრიობა, მხოლოდ გეოგრაფიულ-პოლიტიკური მოცემულობაა არაა, ის მისი მოსახლეობის მაღალ და ჯეროვან სამოქალაქო ცნობიერებაზე დგას, რაც ერთმნიშვნელოვნად განაპირობებს სახელმწიფოებრივ აზროვნებას.
ვფიქრობ, რომ მაღალი კლასის პროფესიონალიზმი არაფერია, სამოქალაქო შეგნების გარეშე, ეს ის ნოყიერი ნიადაგია, რომელმაც თითოეულის პროფესიონალიზმი უნდა გამოკვებოს და სრულყოს, სწორედ ამის საუკეთესო მაგალითია ბატონი ამირან გამყრელიძე და მისი მთელი ოჯახი, ამდენად ჩემი უდიდესი და გულწრფელი პატივისცემა მათ.
თუმცა, სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში არიან სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანებიც, რომელთაც საკუთარი/პირადი უსაფრთხოებაც კი არ აქვთ გააზრებული, არა თუ სხვათა უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
უმორჩილესად გთხოვთ და მოგიწოდებთ გამოიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა და შეიძინოთ ცოდნა თქვენი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რითაც მხარში ამოვუდგებით ჩვენზე მზრუნველ პროფესიონალებს და გავუადვილებთ საქმიანობას.
„სახელმწიფოს სიძლიერე თითოეულ მოქალაქეზე, მათ მართლშეგნებაზე, სამოქალაქო განათლებაზე, კეთილსინდისიერებასა და მოყვასის, თანამოქალაქის სიყვარულზეა დამოკიდებული’(ილია)”-აცხადებს რუსუდან თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები