იაგო ხვიჩია: ოპოზიციას მოვუწოდებდი, დავანებოთ თავი „ქართული ოცნების“ მანიპულაციების დევნას, მოვემზადოთ ნებისმიერი არჩევნებისთვის

“ოპოზიციას მოვუწოდებდი, დავანებოთ თავი „ქართული ოცნების“ მანიპულაციების დევნას, დავივიწყოთ ეს პროცესი, მოვემზადოთ ნებისმიერი არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხვიჩიამ საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას, რეალურად, არანაირი შეთანხმების მიღწევა არ სურს.

„უნდა დავრწმუნდეთ ერთხელ და სამუდამოდ იმაში, რომ ხელისუფლებას, რეალურად, არანაირი შეთანხმების მიღწევა არ უნდა. ის, უბრალოდ, დროის გაწელვით ცდილობს, პოლიტიკური პროცესები ამოაგდოს კალაპოტიდან. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ჩვენ, ოპოზიციამ უნდა დავიწყოთ მზადება ნებისმიერი ტიპის არჩევნებისთვის, როგორც  უნდა ჩატარდეს ის და არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ხელისუფლების მიერ მოწყობილ მასკარადში, სადაც, თითქოს, რაღაც კომპომისს ვაღწევთ, მაგრამ, რეალურად, ვიცით, რომ ხელისუფლებას არანაირი კომპრომისის მიღწევა არ უნდა. მას არ უნდა საკუთარი დაპირების ნაწილობრივ შესრულებაც კი, ამიტომ ცდილობს, რომ ეს პროცესი გადაიყვანოს ოპოზიციასთან ვაჭრობაში, გადაიყვანოს თითქოს ბუღალტერიაში, სადაც ვიღაცები ერთმანეთს ევაჭრებიან 110, 120, 130 თუ ასე შემდეგ, რითაც კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს საზოგადოების გულის აცრუებას მთელ ამ პროცესზე, რადგან ეცდება, გარედან გამოაჩინოს ის, რომ, თითქოს, ადამიანები საკუთარი სკამებისთვის ვაჭრობენ და არა ის, რომ ზრუნავენ ქვეყნის მომავალზე ან იმაზე, რომ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ჩემი აზრით, ჩვენ არ უნდა ავყვეთ „ქართულ ოცნებას“ ამ თამაშში. უნდა დავუტოვოთ ყველაფერი, რა დოკუმენტსაც ის მოამზადებს თვითონ მისაღებად, თუ რამის მიღება უნდა, მაგრამ ასეთ არასერიოზულ პროცესში, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს და რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ვაჭრობას დაამსგავსა, ოპოზიციამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

თუ რამე სერიოზული შეთავაზება იქნება, რომელიც ყველასთვის გასაგებია, კომპორმისულია და ეხება იმ პირობის მეტნაკლებად შესრულებას, რაც დაპირებული იყო, მაშინ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ერთჯერადად მხარის დაჭერით – თავისთავად ცხადია, მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრების საკითხიც იქნება რაღაც დონეზე გადაწყვეტილი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას პოლიტიკური ტემპერატურის დაბლა დაწევა არ აწყობს.
„მე არ ვიცი, რა ვარიანტი შეიძლება, იყოს კომპრომისული. ჩემთვის მისაღებია ის ვარიანტი, რომელიც პოლიტიკური ტემპერატურის დაწევას უზრუნველყოფს, ანუ იქნება შეთანხმება ოპოზიციასთან. ეს დაწევს პოლიტიკურ ტემპერატურას  როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფელაბს არ აწყობს ტემპერატურის დაბლა დაწევა. მას უნდა, რომ არჩევნებმა ჩაიაროს დაპირისპირების, ჭიდაობის, „მე თუ არ ამირჩევთ, მიშა მოვას“ რეჟიმში. შესაბამისად, მისი ქცევებიც ამ სტიმულებითაა ნაკარნახევი.
მე ოპოზიციას მოვუწოდებდი, დავანებოთ თავი „ქართული ოცნების“ მანიპულაციებზე დევნას, დავივიწყოთ ეს პროცესი, მოვემზადოთ ნებისმიერი არჩევნებისთვის. თუ „ქართული ოცნებისთვის“ ექნება მნიშვნელობა, როგორ ჩაატარებს არჩევნებს, ის ყოველთვის ეცდება იმას, რომ არჩევნები ჩაატაროს ისე, როგორც ეს მას წარმოუდგენია მისი გამარჯვებისთვის სწორად. „ქართულ ოცნებას“ აწყობს, ოპოზიციამ არ გააგრძელოს სერიოზული ლაპარაკი იმ თემებზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში და რომელიც პასუხობს კითხვას, თუ რა იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. ახლა ოპოზიცია ამაზე არ ლაპარაკობს, ამ წუთას ოპოზიცია ლაპარაკობს იმაზე, რა პროპორციულ ვარიანტზე შეუთანხმდეს ხელისუფლებას. მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა შეთანხმებების მიღწევა. ამიტომ გამოსავალი ძალიან მარტივია: უნდა გავანებოთ თავი „ქართულ ოცნებასთან“ ამ სახის საუბარს , რომელსაც შედეგი არ მოჰყვება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ ოპოზიცისთვის შეთავაზებული სისტემა 110/40, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება, საუკეთესო გამოსავალია და მას მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდანაც ექნება.
ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ შეთავაზებული სისტემა 110/40-ზე შეიცვალოს 120/30-ით, კალაძემ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი რთულია.
“როგორც ცნობილია, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მაჟორიტარების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა და 110/40-ზე სისტემის ოპოზიციისთვის წარდგენა სწორედ იმის გამო მოხდა, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი, სადაც ჩვენი თანაგუნდელების მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, ოპიზიციის მხრიდანაც. ეს არის, რეალურად, იმის შესაძლებლობა, რომ ყველა პარტიას, თუ ექნება საზოგადოების მხრდაჭერა, 1%-იანი ბარიერის პირობებში შესაძლებლობა ექნებათ, მათი წარმომადგენლები იყვნენ 2020 წლის პარლამენტში, თუმცა, დაველოდოთ მოლაპარაკებებს”, – განაცხადა კალაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები