სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სტრატეგიული მნიშვნელობის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გოჩა ჩიქოვანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნუკრი ხასია ადგილზე გაეცნენ.

სკოლის შენობა ავარიული იყო და მოსწავლეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უხდებოდათ სწავლა, რის გამოც ძველი სკოლის შენობის დემონტაჟი მოხდა. ამჟამად, სასწავლო პროცესი ნაქირავებ კერძო სახლში მიმდინარეობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, აქ 2021 წლიდან მოსწავლეები სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი 1 214 000 ლარს შეადგენს. სკოლა გათვლილია 60 მოსწავლეზე. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სკოლის ეზო და მინი მოედანი, ასევე, ავტოსადგომი. გათვალისწინებულია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას სასკოლო ავტობუსი მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები